ბარასბი ბღაჟნოყოს ”ადიღები”

 

"კავკასიურმა სახლმა" გამოსცა ბარასბი ბღაჟნოყოს "ადიღები" რუსულ ენაზე.

წიგნის რედაქტორი - აკადემიკოსი მიხეილ ქურდიანი წერს: "ბარასბი ბღაჟნოყო არა მხოლოდ ადიღური (ჩერქეზული) ისტორიულ-ფილოლოგიური სკოლოს ცნობილი ფიგურაა, არამედ მთელი თანამედროვე კავკასიოლოგიის, რაც ორი მიზეზითაა განპირობებული. პირველი - ესაა სამეცნიერო კავკასიოლოგიის ტრადიციების ერთგულება, სათავეს აკადემიკოსების - ნ. მარისა და ივ. ჯავახიშვილიდან რომ იღებს, რომლებიც კავკასიოლოგებისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ისტორიის, ეთნოგრაფიის, შესასწავლი ხალხების ენების ერთნაირ პროფესიულ ცოდნას. ბარასბი ბღაჟნოყო მიეკუთვნება ამ ტრადიციის მიმდევართა, სამწუხაროდ, უკვე მცირე ჯგუფს. საკანდიდატო დისერტაცია მან დაიცვა ფილოლოგიაში  (ლინგვისტიკა) 1973 წელს ("ურთიერთობის ფსიქო-ლინგვისტური პრობლემები" (პიროვნულად და სოციალურად ორიენტირებული ურთიერთობა)"). სადოქტორო კი - უკვე ისტორიაში (ეთნოლოგია) 1985 წელს ("ურთიერთობის კულტურა და ეთნოსი").

მეორე მიზეზი - ესაა საერთო მეცნიერული ტრადიციების ერთგულება, სათავეს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტიდან რომ იღებს, რომელიც ასევე კატეგორიულად მოითხოვდა მეცნიერებისგან მკაცრი სამეცნიერო მეთოდოლოგიის სრულყოფაზე დამყარებულ ახალ, არატრადიციულ მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს. და, რაც ყველაზე მთავარია, დესკრიფციითა და ანალიზით შეუზღუდაობას, სწრაფვას თეორიული სინთეზისკენ.  ბარასბი ბღაჟნოყოს ამ ტრადიციის მიმდევართა კუთვნილებას ადასტურებს მისი შრომების უმეტესობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით, პრობლემატიკით, კვლევის მეთოდებითა და ასევე ტერმინოლოგიით  გზამკვლევი და ფუძემდებელია ადიღმცოდნეობაში.

პროექტის ავტორია ნაირა გელაშვილი, რედაქტორი თამარა უჯუხუ, მხატვარი გიორგი წერეთელი. წიგნი გამოიცა აკადემიკოს მიხეილ ქურდიანის რედაქციითა და ევროპული ფონდის HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით.