
1973 წელს საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის - ბატონ ოთარ ნოდიას (1928-1993)ინიციატივით დაარსდა "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია", რომელსაც ყველა ყოველთვის უბრალოდ "კოლეგიას" უწოდებდა.
ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია; მხატვრული თარგმანის მაღალკვალიფიციური სკოლის შექმნა. თავი მოუყარა რა თავის ჭერქვეშ ენებისა და სხვა ქვეყნების კულტურული სამყაროს საუკეთესო მცოდნეებს, ფილოლოგებსა და მთარგმნელებს, კოლეგია თანდათან გარდაიქმნა ერთგვარ ინტელექტუალურ ცენტრად, თავისუფალი და დემოკრატიული აზროვნების კერად. იგი იყო სხვადასხვა კულტურათა დიალოგის ადგილი და სახლი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი მუშაობდა ერთად. ეს იყო ოთარ ნოდიასა და მისი თანამოაზრეების ოცნების ასრულება. კოლეგია თავისი საქმიანობით განსაკუთრებულ ყურადღებას უტმობდა კავკასიის ხალხთა ლიტერატურის შესწავლასა დათარგმანს.
1975 წლიდან კოლეგიასთან თანამშრომლობას იწყებს ბატონი მიხეილ სმირნოვი, სმირნოვების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. იგი ცხოვრობდა თბილისში და იყო XIX საუკუნის რუსეთის ელიტარული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნების - ალექსანდრა ოსიპოვნა სმირნოვა-როსეტის შვილთაშვილი.
მიხეილ სმირნოვის ეს ნაბიჯი განაპირობა როგორც ბატონ ოთარ ნოდიას მიმართ დიდმა ნდობამ და სიმპათიამ, ასევე, მთარგმნელობითი ცენტრის სპეციფიკამ და საქმიანობამ. მიხეილ სმირნოვს ოცნებად ჰქონდა, თავისი საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობდა ორსართულიან სახლში გალაკტიონის ქუჩა №20-ში, გადაექცია საგვარეულო მუზეუმად. მუზეუმი მთარგმნელობითი ორგანიზაციის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
1983 წელს "სმირნოვების სახლში" მუშაობას იწყებს კოლეგიის "ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილება". სახლის პატრონები ცხოვრობენ ერთ ოთახში, ხოლო ბინის მეორე ოთახი თანამშრომლებს უკავიათ. მიხეილ სმირნოვის სურვილის გათვალისწინებით, კოლეგია მიმართავს მთელ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეასრულოს სმირნოვების ოჯახის სანუკვარი ოცნება - გაათავისუფლოს სმირნოვების საგვარეულო სახლი სხვა ბინადართაგან, რომლებიც იქ თავის დროზე კომუნისტურმა ხელისუფლებამ შეასახლა, და დააკმაყოფილოს ისინი საცხოვრებელი ფართით.
1985 წელს მ. სმირნოვი გარდაიცვალა. მან დატოვა ანდერძი, რომლის თანახმად მთელი თავისი ქონება (სახლი და საგვარეულო მუზეუმის ექსპონატები) დაუტოვა "ქართველ ხალხს", კონკრეტულად კი, "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიას", რომლის უფლებამონაცვლეცაა დღევანდელი "კავკასიური სახლი".
1991-92 წელს თბილისში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს სმირნოვების სახლს თანამშრომლები დღისით და ღამით დარაჯობდნენ და საკუთარი სიცოცხლის რისკით იცავდნენ.
1993 წელს ოთარ ნოდია, რომლის ჯანმრთელობაც შეეწირა ბრძოლას ორგანიზაციის გადარჩენისათვის, გარდაიცვალა. მის ნაცვლად ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა მწერალი ნაირა გელაშვილი. ამავე წელს მისი ინიციატივითა და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ყოფილი "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის" ბაზაზე შეიქმნა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - "კავკასიური სახლი", რომელიც "კოლეგიის" უფლებამონაცვლეა.
"კავკასიური სახლის", როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო ცენტრის მუშაობა, იქცევს უცხოური, კერძოდ, გერმანული ორგანიზაციების ყურადღებას. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი მწერლისა და გერმანისტის - ნაირა გელაშვილის პირადმა კონტაქტებმა გერმანიის კულტურულ და პოლიტიკურ წრეებთან და 1993 წელს ბერლინში გამოცემულმა მისმა გერმანულად დაწერილმა წიგნმა "საქართველო - სამოთხე ნანგრევებში", სადაც "კავკასიური სახლის" - როგორც რეგიონული ინტეგრაციის იდეაზეა საუბარი.
1996 წელს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მრჩევლის - ბატონ ნოიფელდის ინიციატივითა და რეკომენდაციით "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება" (GTZ) ფინანსურ დახმარებას უწევს "კავკასიური სახლის" ერთწლიან კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას.
ამავე წელს გერმანიის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს "კავკასიურ სახლთან" თანამშრომლობის სურვილს და აფინანსებს 1996-1997 წლებში გამართულ ორ საერთაშორისო კონფერენციას კავკასიის პრობლემების შესახებ.
1995 წელს გერმანელი მეცენატი იორგ ჰენლე, რომელიც გერმანულ-ჰოლანდიური ფონდის - HORIZON-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, განიზრახავს ქართველ მწერალთა მოთხრობების ანთოლოგიის გამოცემას გერმანულად. შემდგენლის, რედაქტორისა და გამომცემლის ფუნქციას სთავაზობს მწერალ ნაირა გელაშვილს, რომელიც მას საქართველოში "საერთო კავკასიურ კონფერენციაზე" იწვევს. იორგ ჰენლე დაწვრილებით ეცნობა "კავკასიური სახლის" მუშაობას, მაღალ შეფასებას აძლევს მას და ნაირა გელაშვილს აღუთქვამს დახმარებას.
1998 წელს ბატონი იორგ ჰენლეს რეკომენდაციით ფონდი HORIZON ახორციელებს "კავკასიური სახლის" ავარიული შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას. ამავე პერიოდში ქალაქის მერიის დახმარებით ხერხდება სმირნოვების სახლში დარჩენილი 3 ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ამრიგად, მთელი შენობის გამოთავისუფლება კერძო მოსახლეთაგან.
1998 წლის 1 იანვრიდან იწყება გრძელვადიანი პროექტი "კავკასიური სახლის თანამშრომლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან". ამავე წელს ეყრება საფუძველი "კავკასიური სახლის" მრავალწლიან თანამშრომლობას ფონდთან HORIZON. ფონდი აფინანსებს "კავკასიური სახლის" თითქმის მთელ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას.
1999 წლის 4 ნოემბერს საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ, სახლის ბაზაზე ფუძნდება რეგისტრირებული კავშირი "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი", რომელიც უცხოელი პარტნიორების, დონორებისა და თანამოაზრეების დახმარებით ახორციელებს საგანმანათლებლო, სამშვიდობო, გენდერულ თუ კულტურულ პროექტებს. და განაგრძობს განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობის მოვლა-შენახვას.
2006 წელს უქმდება საბიუჯეტო ორგანიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს პროცესი მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისა. კავშირი კი განაგრძობს თავის საქმიანობას.
"კავკასიური სახლი", მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იქცევა ხოლმე დესტრუქციული ძალების სამიზნედ, რჩება განსხვავებულ კულტურათა და რელიგიათა დიალოგის ადგილად, საერთო კავკასიური დიალოგისა და თანამშრომლობის იდეის კერად.
"ომის ბავშვები" |
|
"ამომრჩეველი ქალები" |
|
"აფხაზეთი ათი წლის შემდეგ" |
|











